"ჩვენ არ გვჭირდება მონიტორინგი მხოლოდ მონიტორინგისთვის", - ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ევროსაბჭოს ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
იაკობაშვილის შეფასებით, ერთ-ერთი ძირითადი სფერო, რომელშიც ქართული მხარე ევროსაბჭოსთან ითანამშრომლებს, ეს ადამიანის უფლების დაცვის საკითხებია.
"უბრალოდ, ისეთი მექანიზმი უნდა შეიქმნას, რომელიც ეფექტური იქნება. არ გვჭირდება მონიტორინგი მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგისთვის. მთავრია, ამ მონიტორინგს მოჰყვეს კონკრეტული შედეგები. იმ ადამიანებს, რომლებიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დამკვირვებლებს უყვებიან სიმართლეს იქ არსებული ვითარების შესახებ, უნდა დაინახონ, რომ მათ უბრალოდ კი არ მოისმინეს, ამას მოჰყვება კონკრეტული შედეგები", - განაცხადა იაკობაშვილმა.
მისი თქმით, კონკრეტული შედეგების მიღწევა ევროსაბჭოს ფარგლებში შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციის წევრია და მათ შესაბამის ბერკეტებიც აქვთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეწვივნენ, რომელთაც პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამართეს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.
სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ოკუპაციის მუზეუმს ეწვევიან. ევროსაბჭოს ხელმძღვანელები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც შეხვდებიან.