"თიბისი ბანკი" კიდევ ერთხელ დეზინფორმაციით ცდილობს გადაფაროს ის რეალური არგუმენტები რომელსაც ვაცნობთ საზოგადოებას,თუმცა მათ სიმართლის გადაფარვა და საზოგადოების შედომაში შეყვანა გაუჭირდებათ, _ აცხადებს ანზორ ქოქოლაძე
"თიბისი ბანკი", რომელიც თითქოს თავისი ვალის ამოღებით იყო დაინტერესებული, თებერვლის თვეში „სახალხო ბანკისგან" 1,300,000 დოლარის ოდენობის კრედიტი გამოისყიდა, რომელიც "ელიტ ელექტრონიქსისგან" ვალის სახით მართებდა. ასევე, „თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების შეკითხვა იმის თაობაზე, აპირებს თუ არა „თიბისი ბანკი" „ელიტ ელექტრონიქსის" მმართველობაში დარჩენას ვალის ამოღების შემდეგ?
„ყველაფერი ეს იმაზე მიანიშნებს, რომ „თიბისი ბანკი" თავიდანვე გეგმავდა „ელიტ ელექტრონიქსის" მითვისებას და ყველა მისი ქმედება მხოლოდ ამ მიზანს ემსახურებოდა - აცხადებს „ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე.
ანზორ ქოქოლაძის განცხადებით ახალმა მენეჯმენტმა 15 მარტს „თიბისი ბანკის" კრედიტის გადახდის გრაფიკი დაარღვია, რომელიც ანზორ ქოქოლაძის 14 წლიანი მართვის დროს არასოდეს დარღვეულა. ამის საფუძველზე „თიბისი ბანკმა" ანზორ ქოქოლაძის საკუთრებაში არსებული 5,5 მილიონ დოლარად დაგირავებული აქციების 55% მიკერძოებულ საბროკერო კომპანია - „თიბისი ბროკერისგან" 116 ათას ლარად შეიძინა და კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
"ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი კომპანიის დაბრუნებისთვის სასამართლოში იბრძვის და "თიბისი ბანკზე" მისი კუთვნილი აქციების 55% გასხვისების გაბათილებას მოითხოვს.