"ლეიბორისტული პარტია" პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციას აპროტესტებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარტიამ პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკსა და ქვეყნის საგარეო უწყებას სპეციალური განცხადებით მიმართა და ქართველ ემიგრანტებზე დროებითი ვიზების გაცემისა და მათი დეპორტირების პროცესის შეჩერებისა სთხოვა.
"მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ემიგრანტთა ნაწილის დეპორტირება უკვე განხორციელდა, პოლონეთში საემიგრაციო ბანაკებში კვლავ ცხოვრობს 3 000-მდე ქართველი, რომელთაც საკმაოდ მძიმე პირობებში ფაქტიურად ციხის პირობებში უხდებათ ყოფნა, თუმცა საქართველოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ აქ დაბრუნებას პოლონეთის საემიგრაციო ბანაკში მძიმე პირობებში ცხოვრება ურჩევნიათ, რადგან აქ, მათ უმუშევრობა, შიმშილი და შესაძლებელია, შიმშილით სიკვდილიც კი ელოდებათ", - განაცხადა შატბერაშვილმა.
ამასთან, შატბერაშვილი პოლონეთის მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ქართველი და პოლონელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და შეწყვიტონ ქართველ ემიგრანტთა დეპორტირების პროცესი.