2 ივლისს პარლამენტი მთავრობას და მთავრობის სამოქმედო პროგრამას ნდობას რიგგარეშე სესიაზე გამოუცხადებს. მანამდე კი მთავრობის ახალი წევრების შეხვედრები საპარლამენტო ფრაქციებთან და კომიტეტებთან გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.
მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები და მთავრობის განახლებული სამოქმედო პროგრამა ბიუროს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გააცნო.
"მთავრობის საქმიანობა არის ცოცხალი პროცესი, განსაკუთრებით კი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და ეს პროცესი გარკვეულ ცვლილებებს ითხოვს", - განაცხადა გილაურმა.
ამასთან, პრემიერმა განსაკუთრებულად დადებითად შეაფასა რამაზ ნიკოლეიშვილის საქმიანობა საავტომობილო გზების დეპარტამენტში და იმედი გამოთქვა, რომ ახალ თანამდებობაზე იგი ისეთივე წარმატებული იქნება.
რაც შეეხება მთავრობის სამოქმედო გეგმას, გილაურის განმარტებით, მისი სათაური - "ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე" უცვლელი რჩება, თუმცა არსებული მაკროეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით მისი ხდება განახლება.
"პირველ კვარტლის დაფიქსირდა 4,5 % ეკონომიკური ზრდა და წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა გათვალისწინებულია 4-5 %-ს ფარგლებში. შესაბამისად ამ მაჩვენებლებზე იქნება გათვლილი მთავრობის განახლებული სამოქმედო გეგმაც", - აცხადებს პრემიერი.
აღსანიშნავია რომ ბიუროს სხდომაზე ინვესტიციების მიზიდვაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხით საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი პაატა დავითაია დაინტერესდა და იკითხა, რომ პასუხისმგებლობა ეკონომიკის მინისტრს დაეკისრება თუ თავად პრემიერ-მინისტრი აიღებს.
"მთავრობა არის ერთიანი გუნდი და პასუხისმგებლობაც არის ერთიანი. ამაში მეც მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის ხელმძღვანელს, მაგრამ მაქვს ვერა ქობალიას იმედი, ვინაიდან მე მას ვენდობი", - განაცხადა გილაურმა დავითაიას შეკითხვაზე.
ბიუროს სხდომამდე მთავრობის კაბინეტის ახალმა წევრებმა შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართეს. შეხვედრის შემდეგ კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ მთავრობის პროგრამა მისაღებია და ამ პროგრამას ისევე როგორც მთავრობის შემადგენლობას მხარს დაუჭერენ.