საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2010 წლის 31 მარტის მდგომარეობით 8790.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 2912.5 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (33.1%), 879.2 მლნ აშშ დოლარი (10.0%) - ეროვნული ბანკის, 1456.1 მლნ აშშ დოლარი (16.6%) - საბანკო სექტორის, 1310.9 მლნ აშშ დოლარი (14.9%) - სხვა სექტორებისა და 2231.8 მლნ აშშ დოლარი (25.4%) - კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2010 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 77.5 მლნ აშშ დოლარით, აქედან 173.9 მლნ აშშ დოლარი მოდის სამთავრობო სექტორზე. 34.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა ეროვნული ბანკის უცხოური ვალდებულებები. წინა კვარტლების მსგავსად, კვლავ გააგრძელა შემცირება საბანკო სექტორის საგარეო ვალმა და კლებამ 46.9 მლნ აშშ დოლარი შედგინა. 52.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები. საპირისპიროდ, ზრდა განიცადა უცხოურმა კომპანიათაშორისმა სესხებმა, სადაც მატებამ 37.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა ძირითადად უცხოური ვალუტით. საანგარიშო კვარტლის განმავლობაში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების რაოდენობამ 79.7 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და პერიოდის ბოლოსათვის 8355.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საპირისპიროდ, ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალი 2.2 მლნ აშშ დოლარი კლებით, 435.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
სამთავრობო სექტორის საგარეო ვალი ოპერაციული ცვლილების შედეგად 239.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებით გამოწვეული კლების გამო 65.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.
2010 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები, როგორც უკვე აღინიშნა, 34.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. კლების 17.0 პროცენტი (5.9 მლნ აშშ დოლარი) ოპერაციული ცვლილებით არის განპირობებული, ხოლო 83.0 პროცენტი (28.7 მლნ აშშ დოლარი) საკურსო ცვლილებების შედეგია.
საბანკო სექტორში, საანგარიშო პერიოდში გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებები 4.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კლება საბანკო სექტორში არსებული მოკლევადიანი საგარეო ვალის შემთხვევაში - 42.2 მლნ აშშ დოლარით. საკურსო ცვლილებების გამო, საბანკო სექტორის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2010 წლის პირველ კვარტალში 4.6 მლნ აშშ დოლარით მოიკლო.
სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად 24.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებით გამოწვეული კლების გამო 19.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. საპირისპიროდ, კომპანიათაშორის სესხებში ოპერაციული ცვლილების შედეგად ზრდამ 20.3 მლნ აშშ დოლარი, ხოლო საკურსო ცვლილებებით გამოწვეულმა კლებამ 18.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო კვარტლის განმავლობაში, კომპანიათაშორისი სესხები სხვა ცვლილებების გამო 35.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ამ კატეგორიაში სხვა სექტორებიდან საგარეო ვალდებულებების რეკლასიფიკაციის შედეგია.
მთლიანი საგარეო ვალი 2010 წლის პირველ კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 187.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 136.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.