თბილისი.24.09.09."ჯი-ეიჩ-ენი". სოფლის მეურნეობის მინისტრი წელს 100 000 ტონაზე მეტ ციტრუსის მოსავალს ელოდება. ამის შესახებ განცხადება ბაკურ კვეზერელმა პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე გააკეთა.
მისი თქმით, ფერმერების მხარდასაჭერად ზრუნვა სახელმწიფოს უკვე დაწყებული აქვს.
როგორც კვეზერელმა აღნიშნა, ციტრუსის მოსავალთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და ბელორუსში ექსპორტთან დაკავშირებით. ახლო მომავალში აღნიშნულ საკითხზე შესათანხმებლად ვიზიტები იგეგმება.
კვეზერელის განცხადებით, გაიზრდება ქართული ციტრუსის ექსპორტი ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც და იმავდროულად სახელმწიფო მუშაობს ციტრუსის შიდა ბაზარზე დამუშავებისთვის ხელშეწყობის მიზნითაც.
"არსებობს სრული მზადყოფნა ციტრუსის მოსავლის უფრო დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაშიც", - აცხადებს კვეზერელი.