ამნისტია 1500-მდე პატიმარს შეეხება და ამნისტიის პირობის თანახმად, მათ სასჯელის დარჩენილი ვადა გაუნახევრდებათ. ამის შესახებ განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია არსენიშვილმა დღეს პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.
ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები იხილავენ პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, ამინისტია შეეხებათ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულ პატიმრებს. ამნისტია კი მათთვის სასჯელის დარჩენილი ვადის განახევრებას ითვალისწინებს.
არსენიშვილმა აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ამნისტია ჯამში 1500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, აქედან 598 პატიმარი არის რომელიც უკვე იხდის სასჯელს მხოლოდ ამ მუხლებით, 307 პირის მიმართ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი აღნიშნული მუხლებით და შესაბამისად ამნისტია მათაც შეეხებათ.
დანარჩენი პირები კი არის ის კატეგორია, რომლებიც სასჯელს იხდიან რამდენიმე მუხლით და მათ შორის არის ის მუხლებიც, რომელსაც ამნისტია უნდა შეეხოს. იმის გამო რომ დღეს მოქმედებს სასჯელის შეკრებითობის პრინციპი ასეთ პირებს ამინისტია ამ მუხლით მისჯილი სასჯელის ნაწილზე შეეხებათ.