პარლამენტმა "თბილისის შესახებ" კანონში ცვლილება მესამე მოსმენით დაამტკიცა. დედაქალაქის საკრებულოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება.
ცვლილების თანახმად, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს საკრებულო, თავმჯდომარის წარდგინებით თავისი შემადგენლობიდან საკრებულოს უფლებამოსილების ვადით აირჩევს.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები ჩაითვლებიან არჩეულად, თუ მათ კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას მისი დავალებით. თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავჯდომარის გადაყენებისას, მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნისას, ერთ-ერთი მოადგილე.
დაკონკრეტდა, რომ საკრებულოს ბიურო შედგება საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილეების, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან. ამას გარდა, საკრებულოს სხდომის ოქმს ხელს მოაწერს საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მხოლოდ პირველი მოადგილე.
დედაქალაქის საკრებულოში მუდმივმოქმედი კომისიების ოდენობა 5-იდან 12-მდე გაიზარდა.