პარლამენტმა მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებით კანონი დაამტკიცა. ცვლილება "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ'' კანონში შევიდა. კანონპროექტი დღის პირველ ნახევარში მეორე მოსმენით, ხოლო დღის მეორე ნახევარში უკვე მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
ცვლილებების მიხედვით, მთავრობაში ახალი სამინისტრო იქმნება. კერძოდ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გამოეყოფა. სატრანსპორტო ადმინისტრაცია რეგიონული მართვისა და ინფრასტრქუტურის სამინისტროს შემადგენლობიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.
ცვლილებაა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელწოდებაშიც და მას "ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო" დაერქმევა. ასევე, შეიცვლება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სახელმწოდება და მას "ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო" დაერქმევა.