საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკშვილი, ბოლო პერიოდში საქართველოში მაღალი რანგის დიპლომატების ვიზიტებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებად აფასებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების სხდომის შესავალი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
"ბოლო პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩვენი უშიშროების, საგარეო პოლიტიკური გამოწვევების და პრიორიტეტების კუთხით. საერთო ძალებით გააქტიურებულია ჩვენი საგარეო პოლიტიკა. გარკვეული სიმშვიდის პერიოდის შემდეგ საქართველოში ხორციელდბა ვიზიტები. ბოლო ხანებში საქართველოში ჩამოვიდა რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. ახლახან იყო ავსტრიის საგარეო მინისტრი, ახლა ველით პოლონეთის საგარეო მინისტრს, შემდეგ ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ხოლო 14 ივლისს საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეს ჩვენთან ერთდ აღნიშნავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. 15 ივლისს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას თბილისში, ევროკავშირთან ოფიციალურ მოლაპარაკებებს ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე. თბილისში ჩამოდის ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია. ეს არის გადაჭარბების გარეშე ისტორიული პროცესი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.
საკააშვილს იმედი აქვს, რომ შემოდგომაზე ევროკავშირთან თავისუფალი მოლაპარაკებების პროცესი გაიხსნება. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ საქართველო მოახერხებს და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაამყარებს.
"ვვარაუდობთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების გახსნას ადრეულ შემოდგომაზე. უკვე ხელი მოვაწერეთ ვიზების გამარტივების ხელშეკრულებას. რომელიც ძალაში წლის მეორე ნახევარში შევა და იმედი გვაქვს, ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად დავიწყებთ სვლას უვიზო მიმოსვლისკენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის. თუ რომელიმე ქვეყანა ამ რეგიონში შეესაბამება უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებს, ან უახლოეს პერიოდში აქვს შანსი, რომ შეესაბამებოდეს - ეს არის საქართველო", - აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშორების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ეროვნული უშიშროების საბჭო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის პროექტს განიხილავს. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი უძღვება.
სამოქმედო გეგმის პროექტზე მომხსენებელი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილია. მეორე საკითხად საბჭო ევროინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე მსჯელეობს. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეა.