საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუმინეთის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
"ქართული მხარე მიესალმება 28 ივნისს რუმინეთის სენატმა ერთხმად მიიღო "რეზოლუცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ" რეზოლუციას და მადლიერებას გამოხატავს რუმინელი ხალხის, რუმინეთის მთავრობისა და, განსაკუთრებით, რუმინეთის სენატის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ასეთი აქტიური მხარდაჭერისათვის", - ნათქვამია საგრეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მიმდინარე წლის 28 ივნისს რუმინეთის სენატმა ერთხმად მიიღო "რეზოლუცია საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ", რომლის თანახმადაც რუმინეთის სენატი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კვლავ ადასტურებს, ცალსახად ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად, გმობს რიგი ქვეყნების მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტს. ამ კონტექსტში რუმინეთის სენატი აღნიშნავს 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების სრულად შესრულების აუცილებლობას.
მიღებული რეზოლუციის თანახმად რუმინეთის სენატი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სტრატეგიას და გმობს იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მიმართულია ორ სეპარატისტულ რეგიონში ეთნიკური შემადგენლობის შეცვლაზე და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებისაგან მოითხოვს დაემორჩილონ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, რათა უზრუნველყოფილ იქნას დევნილი მოქალაქეების თავისუფალი დაბრუნება.
ამასთან, რუმინეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს რუმინეთის მთავრობას, მოახდინოს მრავალმხრივი, ორმხრივი, რეგიონული თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის მომზადების მიზნით, უზრუნველყოს რუმინეთის წარმომადგენლობის მონაწილეობის გაგრძელება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM), საქართველოს განვითარების მიზნით გააგრძელოს დახმარების გაწევა და განავითაროს საქართველოსთან თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში.