"საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეუჩერებლად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომი მოხდა და სხვა დაბრკოლებებიც არსებობდა", - ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალჩინოსნების თბილისში ვიზიტამდე გამოქვეყნდა.
ევროსაბჭოს დამკვირვებლები თავის მოხსენებაში 30 მაისის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ხსენებული არჩევნები საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, თუმცა მათივე თქმით, აუცილებელია ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავება, რომელიც არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტის ნდობას მოიპოვებს.
როგორც ცნობილია, 2 ივლისს, თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ჩამოვლენ. ევროსაბჭოს მაღალჩინოსნები შეხვედრების დროს საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ევროსაბჭოს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ისაუბრებენ.