ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში გურამ ჩახვაძე აცხადებს, რომ ის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტს, რომლის განხილვაც პარლამენტში დღეს დაიწყო მხარეს ვერ დაუჭერს.
"ჩვენ ამ პროექტს მხარს ვერ დავუჭერთ, რადგანაც სამინისტროების რიცხოვნების ზრდასთან ერთად იზრდება ბიუჯეტში ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები. არ შეიძლება სოციალური მიმართულების სამინისტრო კიდევ ერთხელ შვქმნათ. თუ ამ მიმართულების გაძლიერება გვინდა, მაშინ უნდა შევქმნათ ერთიანი გამსხვილებული სამინისტრო, რომელიც სოციალური მიმართულებებით იმუშავებს" - განაცხადა ჩახვაძემ.
შეგახესნებთ რომ მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული რეორგანიზაციის ფონზე იქმნება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეცვლება სახელი და იქმნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც შეუერთდება ტრანსპორტის ადმინისტრაცია, რომელიც დღემდე რეგიონული განვითარების სამინისტროს სტრუქტურაში შედიოდა.
იმავდროულად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოეყოფა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი, რომელიც ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება.