დღეს, 25 ივნისს, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან ხელი მოაწერა ევროპულ კონვენციას საკონსულო ფუნქციების შესახებ.
კონვენცია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოსაწერად გაიხსნა 1967 წლის 11 დეკემბერს ქ. პარიზში. იგი ადგენს ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის საკონსულო ურთიერთობების გარკვეულ წესებს, მსოფლიოში გავრცელებული საკონსულო ურთიერთობების შესახებ 1963 წლის ვენის კონვენციის გათვალისწინებით.
კონვენცია განსაზღვრავს კონსულების ზოგად ფუნქციებს, რომლებიც მიმართულია ადგილსამყოფელ ქვეყანაში მათი თანამემამულეების უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ, ასევე ითვალისწინებს დებულებებს დოკუმენტების გამოცემასა და მიღებასთან, ქონების ადმინისტრირებასა და გემების მიმოსვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.
უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა აგრეთვე აპირებს ხელი მოაწეროს აღნიშნული კონვენციის დამატებით ოქმს ლტოლვილების დაცვის შესახებ, რომელიც ადგენს დებულებებს ლტოლვილების უფლებებთან დაკავშირებით, კონვენციის 48-ე მუხლის შესაბამისად.