დღეს, 25 ივნისს, პარტიის ოფისში "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა ნიკა ივანიშვილმა ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მთავრობის გადაწყვეტილებას, ძველ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის ნაცვლად სრულად შეეცვალა იგი ახალი კოდექსით, "სახალხო დემოკრატების" ლიდერმა დაგვიანებული, მაგრამ მაინც სწორი ნაბიჯი უწოდა, რადგან მისი თქმით, ძველი კოდექსის "გაკეთილშობილება" შეუძლებელი იყო.
მიუხედავად ამისა, ივანიშვილი არ იზიარებს პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურის და ფინანსთა მინისტრ ბაინდურაშვილის მოსაზრებას, რომ ეს "რევოლუციური და ყოვლად უპრეცენდენტო" საგადასახადო კოდექსია.
"ის ფაქტი, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი ჯობია კოდექსის ძველ ვარიანტს, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ იგი კარგი და მისაღებია" - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, იმის მაგივრად, რომ ახალ კოდექსში დეტალურად იყოს გაწერილი სხვადასხვა სადავო საკითხის გადაწყვეტის გზები, ახალ პროექტში პრაქტიკულად ისევ ადამიანური ფაქტორი ჭარბობს - "ისევ კონკრეტული ადამიანები, ფინანსთა სამინისტროსა და საგადასახადო სამსახურების მაღალჩინოსნები იღებენ გადაწყვეტილებებს სადავო საკითხებზე და ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში ისევ და ისევ სუბიექტური იქნება."
"რევოლუციურად მონათლული `აუდიტორთა საბჭოსა~ და `საგადასახადო დავების საბჭოს~ საქმიანობის არაეფექტურობის შესახებ ჩვენი ეჭვიც სწორედ მათ მუშაობაში ადამიანურ ფაქტორსა და ამ ორგანოების ცალსახად მიკერძოებულ სტატუსს უკავშირდება. ჯერ ერთი, `აუდიტორთა საბჭოსაც~ და `საგადასახადო დავების საბჭოსაც~ გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ `უფლება აქვს~ და არა `ვალდებულია~. ასეთი საკანონმდებლო დებულებები კი საკითხის ორმაგი ინტერპრეტირების `საუცხოო~ საშუალებას იძლევა. მეორეც, ეს ორგანოები მხოლოდ ნომინალურად არიან დამოუკიდებელნი. რეალურად კი, მათ მუშაობას უშუალოდ ფინანსთა მინისტრი ხელმძღვანელობს და კურირებს. ასეთ პირობებში კი, სუბიექტურ გადაწყვეტილებებზე და შეფასებებზე აღნიშნული საბჭოების მხრიდან უარის თქმა ძალიან რთული იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.
"სახალხო დემოკრატების" აზრით, საგადასახადო კოდექსი მაშინ შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს, როცა იგი რეალურად შეამცირებს საგადასახადო ტვირთს ბიზნესისათვის. ივანიშვილის აზრით კი, ახალი საგადასახადო კოდექსით მეწარმეებისათვის და ზოგადად გადასახადის გადამხდელებისათვის არათუ არ მცირდება საგადასახადო ტვირთი, არამედ რიგი გადასახადების სახეობებისათვის იზრდება.