ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი გიორგი გიუნაშვილის საქმეს განიხილავენ. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. იგი იმედოვნებს, რომ მოხდება შეთანხმება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან.
"ქართული მხარისათვის დღის წესრიგში რჩება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უკავშირდება ზოგადად გადაადგილების თავისუფლებას, მოსახლეობის მხრიდან საკუთარ მიწებზე წვდომას. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ერგნეთში რამდენიმე შეხვედრის განმავლობაში დღის წესრიგში დგას გახლავთ უკანონო პატიმრობაში მყოფი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი. რა თქმა უნდა ამ საკითხების ირგვლივ ჩვენი პოზიცია, ისევე როგორც ბოლო წლების განმავლობაში, არის შედეგზე ორიენტირებული, საქმიანი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ხდება საქმეების პოლიტიზირება, ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერად შესაძლებელი იქნება გარკვეულ საკითხებზე შეჯერება. მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერა", - განაცხადა ციხელშვილმა.