თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებისა და პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერაციისას კერძო არბიტრაჟის ოთხი მუდმივმოქმედი არბიტრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.
მიხეილ ლაპიაშვილის, ზაზა დოლიძის, ეკატერინე ოსაძისა და ხათუნა დარჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას კონკრეტული ფაქტობრივი მტკიცებულებები აქვს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული არბიტრები ხშირად გადაწყვეტილებებს საქართველოს კანონმდებლობის უგულებელყოფით იღებდნენ.
"არბიტრმა მიხეილ ლაპიაშვილმა უგულებელყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნა და მხარეთა შორის შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, უკანონო გადაწყვეტილების გამოტანით 50 ათასი ლარით აზარალა სამი კრედიტორი. არბიტრმა ხათუნა დარჩიაშვილმა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა საარბიტრაჟო შეთანხმება, უკანონო გადაწყვეტილების გამოტანით აზარალა გოჩა ხმალაძე და გააუქმა ამ უკანასკნელსა და ავალიანს შორის დადებული 60 ათას 200 დოლარად შეფასებული ბინის გამოსყიდვის ხელშეკრულება. ეკატერინე ოსაძემ გადაამეტა საკუთარ უფლებამოსილებას და იმ ვითარებაში, როდესაც მხარეთა შორის საარბიტრაჟო შეთანხმება საერთოდ არ არსებობდა, მიიღო გადაწყვეტილება და პრაქტიკულად არარსებული საარბიტრაჟო პრეტენზიით უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაადო სანაიას კუთვნილ ბინას, რის გამოც სანაიამ დაკარგა აღნიშნული ბინის გაქირავებით ყოველთვიურად მისაღები 1170 დოლარი", _ განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით საყვარელიძემ.
სამართალდამცველებმა არბიტრები დღეს დააკავეს და მათ ბრალს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით 48 საათში წაუყენებენ. მათ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.