ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ ასეთი ტიპის ინსტიტუტი შეიქმნება, მას უნდა ირჩევდნენ ჟურნალისტები, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთო-ს ექსპერტების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ინაშვილმა განაცხადა, დღეს ის ვერ ხედავს მედიაზე პირდაპირი ჩარევის ფაქტებს. მისი თქმით, დღეს მედია ბევრად თავისუფალია, ვიდრე ის იყო "სააკაშვილის რეჟიმის ეპოქაში".
„მე ის ფაქტები გავიხსენე და ვთქვი, რომ არც შეედრება ის წლები დღევანდელ ვითარებას, როდესაც მედია მეტ-ნაკლებად თავისუფალია, როცა ჟურნალისტების საქმიანობაში მე ვერ ვხედავ პირდაპირი ჩარევის ფაქტებს და თუ იქნება ასეთი ფაქტები, მე ვარ თქვენი ნაწილი, თავისუფლად შეგიძლიათ მომმართოთ და ერთად ვისაუბროთ ამაზე. მე ხაზგასმით ვთქვი, რომ დღეს მედია ბევრად თავისუფალია, ვიდრე ის იყო სააკაშვილის რეჟიმის ეპოქაში. ასევე ვისაუბრეთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტზე. ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ ასეთი ტიპის ინსტიტუტი შეიქმნება, მას უნდა ირჩევდნენ ჟურნალისტები. მას არ უნდა ნიშნავდეს ხელისუფლება, მას ჟურნალისტები უნდა ირჩევდნენ - სააგენტოები, გაზეთები, ტელევიზიები მათ კანდიდატურებს თვითონ უნდა ასახელებდნენ, უნდა იმართებოდეს ყრილობები და საბოლოო ჯამში, რამდენიმე კანდიდატურიდან თქვენთვის საიმედო კოლეგა უნდა ხდებოდეს მედიაომბუდსმენი“, - აღნიშნა ინაშვილმა.