"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის დაბარებას ითხოვენ. მათი თქმით, მინისტრისგან სურთ მოისმინონ განმარტება სკოლებში დაგეგმილ საათების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებულ საკითხზე. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, სკოლებში საათების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით აჟიოტაჟია შექმნილი და ეს აჟიოტაჟი გამოიწვია იმან, რომ ერთი მხრივ სასწავლო გეგმით გათავლისწინებულია ის, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს სრული განაკვეთი, მეორე მხრივ კი განათლების და მეცნიერებს სამინისტრო აცხადებს, რომ ეს არ იქნება მტკივნეული პროცესი პედაგოგებისათვის და მათი დასაქმება კვლავ პრიორიტეტად რჩება.
"ჩვენ გვაქვს განსხვავებული ინფორმაცია. გვიკავშირდებიან პედაგოგები და გვაწვდიან ინფორმაციას რომ სკოლის დირექტორებს აქვთ დირექტივები გაათავისუფლონ ის მასწავლებლები, ვისაც არ აქვთ სრული განაკვეთი. რაც მთავარია, არასრული განაკვეთის მქონე მასწავლებლები დირექტორმებმა უკვე გააფრთხილეს მოსალოდნელი შემცირების შესახებ", - აცხადებს ვეფხვაძე და აღნიშნავს, რომ სწორედ ამისათვის არის საჭირო პარლამენტში მოწვეულ იქნას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რომელიც დეპუტატებს განუმარტავს თუ რა მეთოდით აპირებს აღნიშნული საკითხის მოგვარებას.
ვეფხვაძის თქმით, აშკარაა რომ პრობლემად რჩება არასრული განაკვეთის მქონე პედაგოგების დასაქმების საკითხი და იგი შაშკინს ამოსახსნელად ერთ ამოცანასაც სთავაზობს.
ეს ამოცანა ასეთია, "თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ერთ ერთ საგანში დასაქმებულია სამი პედაგოგი, რომელთა საათობრივი დატვირთვა შეადგენს 9-12 და 14:00 საათზე. ამოცანა გვეკითხება, როგორ უნდა შეავსოს დირექტორმა ეს საათობირვი დატვირთვა 18 საათამდე ანუ სრულ განაკვეთამდე ისე, რომ სამსაუხრიდან არ გაუშვას თუნდაც ერთი პედაგოგი", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე და იმედოვნებს, რომ მინისტრს ამ ამოცანის ამოხსნის საკუთარი ვერსია ექნება.
"ქრისტიან-დემოკრატები" იმასაც აღნიშნავენ, რომ სკოლებში დაგეგმილი ამ რეფორმის შედეგად უახლოეს პერიოდში ყოველი მესამე პედაგოგი უმუშავარი დარჩება, რაც ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 20 ათასი პედაგოგის უმუშევრად დატოვებას გამოიწვევს. "სწორედ ამიტომ გვაინტერესებს მინისტრისაგან კონკრეტლი პასუხები და აუცილებელია მობრძანდეს ბატონი მინისტრი და გაგვცეს ამ კითხვებზე პასუხი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა და რისთვის იგეგმება. არ შეიძლება მოსახლეობა მუდმივად ტყუილის რეჟიმში ცხოვრობდეს", _ განაცხადა ვეფხვაძემ.