დღეს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, გიდო ვესტერველესთან, გერმანიის სახელმწიფო ფედერალურ მინისტრთან, ეკარტ ფონ კლედენთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. გერმანულმა მხარემ გამოხატა კმაყოფილება საქართველოში არსებული სტაბილური და მზარდი ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში 30 მაისს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს. შეხვედრებზე ასევე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან და მისი მონაწილეობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში და სხვა რეგიონალური საკითხები.
შეხვედრებზე გერმანიის მხარემ კვლავ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ფრიდრიხ ებერტის ფონდში, სადაც საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკას და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. შეხვედრას ფრიდრიხ ებერტის ფონდში ასევე ესწრებოდნენ ფრიდირიხ ნოიმანის, ჰაინრიხ ბიოლის, კონრად ადენაუერის ფონდების წარმომადგენლები.