შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა შებოლილი თევზისა და კარაქის ფალსიფიკაციის ფაქტზე შპს „მთაგორის" დირექტორი ალქსანდრე კაპანაძე დააკავეს.
დაკავებული იმპორტიორებისაგან გაყინულ თევზსა და მცენარეულ ცხიმს იძენდა, აფასოებდა და ნაღების კარაქად ასაღებდა.
ლაბორატორიული ექპერტიზის მიხედვით, შპს „მთაგორის" მიერ წარმოებულ კარაქში „ძველი თბილისი" ეტიკეტზე მითითებული ცხოველური ცხიმის 82,5%-ის ნაცვლად აღმოჩნდა მხოლოდ 0,10%, ხოლო კარაქში „მთაგორი" ეტიკეტზე მითითებული 71,5% ცხოველური ცხიმის ნაცვლად აღმოჩნდა 0,20% ცხიმი. აღსანიშნავია, რომ 37-91 გოსტისა და მეწარმე სუბიექტის სტანდარტის მიხედვით აღნიშნულ კარაქში არაცხოველური ცხიმის არსებობა დაუშვებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ვითომდა ნაღების კარაქი სინამდვილეში წყლით გაჯერებულ მარგარინს წარმოადგენდა.
შპს „მთაგორი" ასევე სანიტარული ნორმების უხეში დარღვევით აწარმოებდა თევზის შებოლვას. სარეალიზაციოდ დამზადებული საქონლიდან აღებული ნიმუშების მიხედვით შებოლილ სკუმბრიაში მიკროორგანიზმები 16,4-ჯერ აღემატებოდა დაბინძურების მაქსიმალურ ზღვარს, ხოლო შებოლილ ორაგულისებურში კი - 5,6-ჯერ. ამავე დროს, თევზის შესაბოლ საამქროში დარღვეული აღმოჩნდა კვების პროდუქტების წარმოების ყოველგვარი ნორმა.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.