სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტში, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგის ჯგუფის მოხსენება განიხილეს. მოხსენების ძირითადი ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. შეფასება ძირითადად პოზიტიურია, თუმცა აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა იმუშაოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლის გარდა, სტრასბურგში სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის წევრი გიორგი თარგამაძე.
"ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება მოითხოვს არ ველოდოთ შემდეგი არჩევნების მოახლოებას და როგორც საარჩევნო, ისე ზოგადად, პოლიტიკური პროცესების მიმართ ნდობის აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალშივე მივიღოთ. ამისათვის აუცილებელია - საარჩევნო სისტემის სრულყოფა და გაყალბების შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა, კონსტიტუციური რეფორმით დაბალანსებული და ურთიერთკონტროლის პრინციპზე აგებული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, მეტი მედია-პლურალიზმისა და ბიზნესის დაცულობის გარანტიების შექმნა", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, ამ თემებთან დაკავშირებით საინტერესო წინადადებები მომზადებულია ოპოზიციურ და არასამთავრობო სპექტრში, მედიაციის პროცესში ევროსაბჭოს აქტიური ჩართვა კი რეფორმებს დააჩქარებს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას შესძენს.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერი 23 ივნისს მონიტორინგის კომიტეტის სხდომას დაესწრება, სადაც საქართველო-რუსეთის ომის შედეგების საკითხის განხილვა გაგრძელდება.