"პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ზურაბ ნოღაიდელმა, ახალი ოპოზიციური გაერთიანების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, კონსულტაციები დაწყებულია და გაერთიანების დამფინანსებლები საქართველოში მოქმედი ძალები იქნებიან.
ექს-პრემიერის თქმით, ოპოზიციის მთლიანი სპექტრი ამ გაერთიანებაში არ იქნება წარმოდგენილი. მისი აზრით, პოლიტიკოსებმა მოლაპარაკებები ყოველგვარი "მინუსებისა" და წინაპირობების გარეშე უნდა დაიწყონ.
"ჩემი პირადი აზრია, რომ უნდა შედგეს ფართო პოლიტიკური გაერთიანება, სადაც არც ლიდერი იქნება და არც სტუმარ-მასპინძელი. ეს ყველაფერი უნდა იყოს ყოველგვარი "მინუსების" გარეშე, თუმცა ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ ერთობაში", - განაცხადა ნოღაიდელმა.
ნოღაიდელის ხედვით, ახალმა გაერთიანებამ ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა იბრძოლოს.