დღეს გალში გამართული ინციდენტების პრევენციის ჯგუფის შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაეროს ყოფილ შენობაში 4 საათს გაგრძელდა.
შეხვედრის მორიგ რაუნდზე საუბარი ტრადიციულ თემებს შეეხო. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხები გალის რაიონში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება, გატაცების, მძევლად აყვანის, წამებისა და ძარცვის ფაქტები იყო.
ქართულმა მხარემ ქართული სკოლების მასწავლებლებზე ზეწოლის ფაქტებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააყენა მოთხოვნა ე.წ. საზღვრის გადმოკვეთისას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს პრობლემა არ შეუქმნან.