"ქრისტიან-დემოკრატები" საპატრიარქოსათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფას ითხოვენ.
ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, საპატრიარქოსათვის სამაუწყებლო სიხშირის გათიშვის პრობლემა პერმანენტულად იქმნება, რომლის ძირითადი მიზეზიც ის არის, რომ მიუხედავად მრავალჯერადი დაპირებისა ვერა და ვერ მოხერხდა ტელეკომპანიისათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფა.
როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, საპატრიარქოსათვის საკუთარი სამაუწყებლო სიხშირის გამოყოფასთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით მოლაპარაკება არაერთხელ დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და სწორედ ამიტომ ითხოვენ, რომ აღნიშნული პრობლემა გადაწყდეს.
"ქრისტიან-დემოკრატები მოვუწოდებთ მარეგულირებელ კომისიას შეასრულოს მაწუყებლობის კანონით დაკისრებული ვალდებულება და ჩაატაროს სოციოლოგიური კვლევა, რომელიც 4 წელია არ ჩატარებულა. სწორედ ამ მიზეზით დღემდე შეჩერებულია მაუწყებლებისთვის ლიცენზიის გაცემა. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ემხრობა საპატრიარქოს ტელევიზიის არსებობას. საზოგადოების ნების განხორციელებას კი ხელი უნდა შეუწყოს, როგორც მარეგულირებელმა კომისიამ, ისე ხელისუფლებამ", - აღნიშნა ახვლედიანმა.
ამასთან, მან საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას მოუწოდა, რომ 110% გაზრდილი სარეზერვო ფონდებიდან დაუყოვნებლივ დაიფაროს 50 ათას ლარიანი დავალიანება და აღდგეს ტელეკომპანია "ერთსულოვნების" მაუწყებლობა.