"ქრისტიან-დემოკრატები" ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტში დღეს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლალიაშვილის განმარტებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად იმ შემთხვევაშიც კი თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ საქმეზე, ეს მაინც არ ჩაითვლება საკმარის გარემოებად იმისთვის, რომ მოხდეს უკანონო გადაწყვეტილების გადახედვა და მოქალაქის დარღვეული უფლებები აღდგეს.
მისივე თქმით, მასთან, როგორც იუსტიციის საბჭოს ერთადერთ ოპოზიციურ პირთან უამრავი საჩივარი შედის სწორედ ამ მუხლის გამო დაჩაგრული ადამიანების მხრიდან.
"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა დაიწყოს კონსტიტუციური სამართალწარმოება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე. ჩვენს მოქალაქეებს სტრასბურგის სასამართლოში მაინც უნდა შეეძლოთ სამართლის პოვნა", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მუხლი იგნორირებას უკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და დასაშვებად მიიჩნევს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევას საქართველოს მართლმსაჯულების მიერ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილება პარლამენტმა მაისის თვეში დაამტკიცა. ცვლილების ავტორები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები იყვნენ.