2017 წელს თბილისს ექნება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, დოკუმენტზე საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი მუშაობს.
„გეგმა ისეთ ძირეულ პრინციპებს ითვალისწინებს, როგორიცაა: თბილისი - ჯანმრთელი, მწვანე, ტოლერანტული, საცხოვრებლად მოსახერხებელი, კომპაქტური, რესურსდამზოგავი, ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული უნიკალურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული, “ჭკვიანი ქალაქი” (Smart City). აქვე გეტყვით, რომ გენგეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, ჩემი ინიციატივით, „თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ განხორციელდა ცვლილებები, რის შედეგადაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საცხოვრებელ სახლებზე განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდაზე შეზღუდვა დაწესდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, დასრულდა და დედაქალაქის მერიას ჩაბარდა თბილისის ზღვის განვითარების გენერალური გეგმა.
„დეტალური ანალიზის საფუძველზე, კვლევამ შემოგვთავაზა თბილისის ზღვის შემოგარენის ძირითადად სარეკრეაციო დანიშნულებით განვითარება და ტერიტორიის 12 ფუნქციურ ზონად დაყოფა. კვლევაში მოცემულია ასევე 40 ბიზნესინიციატივა, რომელთა განხორციელება პირველადი ფინანსური გათვლებით, მიზანშეწონილია ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, შემდგომ ეტაპზე დაგეგმილია შემოთავაზებული ბიზნესინიციატივების გავრცობა, საინვესტიციო შეთავაზებად ჩამოყალიბება და პოტენციური ინვესტორებისათვის წარდგენა ინვესტიციების მოზიდვისა და ზღვის შემოგარენი ტერიტორიების განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს თბილისი გახდა „100 მედეგი ქალაქის“ წევრი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანია დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.