უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ უცხოელ პარტნიორებს უკრაინისთვის არ უცნობებიათ კიევიდან დიპლომატიური წარმომადგენლობების გადატანის გეგმების შესახებ.
„არ ვიცი, საიდან აიღო ეს ინფორმაცია ზოგიერთმა უცხოურმა გამოცემამ. ამ დროისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში უცხოეთის არც ერთი დიპლომატიური მისიისგან მსგავსი მოთხოვნა ან შეტყობინება არ მიგვიღია იმის შესახებ, რომ ისინი სადმე გადასვლას გეგმავენ“, - განაცხადა ტიხიმ გამოცემა LIGA.net-თან საუბრისას.
ტიხიმ ეს განცხადება ბრიტანული გაზეთის, The Guardian-ის, პუბლიკაციის საპასუხოდ გააკეთა. გამოცემის ცნობით, რუსული თავდასხმების ფონზე რამდენიმე დასავლური საელჩო, სავარაუდოდ, ევაკუაციის სარეზერვო გეგმებს ამზადებს, მათ შორის ლვოვში ან პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადასვლის შესაძლებლობას.
The Guardian-ის ინფორმაციით, დასავლელი დიპლომატები საჯაროდ აცხადებენ, რომ კიევში დარჩენას აპირებენ, რადგან მათი წასვლა მოსკოვისთვის პროპაგანდისტულ გამარჯვებად აღიქმებოდა და შექმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს მათ უკრაინა დატოვეს. თუმცა, გამოცემის თანახმად, პირად საუბრებში რამდენიმე მაღალი რანგის დიპლომატმა დაადასტურა, რომ უცხოეთის წარმომადგენლობებზე რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმის შემთხვევაში მოქმედების გეგმებზე მუშაობენ.
გამოცემას ასევე მოჰყავს ერთ-ერთი ანონიმური დიპლომატის შეფასება, რომლის თქმითაც, რუსეთს სურს, „კიევი გაყინოს“ და ქვეყანა ქვის ხანაში დააბრუნოს.