ლატვიაში დღეს, 3 ოქტომბერს, მე-15 მოწვევის სეიმის არჩევნები ტარდება. ქვეყნის მოქალაქეები 100-წევრიან პარლამენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. არჩევნებში 14 პოლიტიკური ძალის 1 428 კანდიდატი მონაწილეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 გაიხსნა. ხმის მიცემის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ლატვიის მოქალაქეს.
არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, პირველ ადგილზე პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის ცენტრისტული „გაერთიანებული სია“ („United List“) იყო, რომელსაც დაახლოებით 14%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. მის შემდეგ პოზიციებზე პრორუსულ პოზიციებთან დაკავშირებული „სუვერენული ძალა“ და სხვა პოლიტიკური გაერთიანებები მოდიოდნენ.
Reuters-ის ცნობით, არჩევნების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ლატვიის უსაფრთხოება და რუსეთის ომის გავლენაა. ქვეყანაში ბოლო პერიოდში დრონებთან დაკავშირებული საჰაერო ინციდენტების გამო უსაფრთხოების საკითხმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. კულბერგსი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას და ლატვიის თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 5%-ის ფარგლებში შენარჩუნებას უჭერს მხარს.
ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წინასწარი ხმის მიცემის ეტაპზე, 2 ოქტომბრის ჩათვლით, 169 610 ამომრჩეველმა, ანუ ამომრჩეველთა 10.89%-მა, უკვე მისცა ხმა.
Reuters-ის ინფორმაციით, უბნები 20:00 საათზე დაიხურება, პირველი შედეგები კი რამდენიმე საათშია მოსალოდნელი