"თავისუფლების ქარტიის" შესახებ კანონპროექტის დღემდე არ განხილვას კანონპროექტის ავტორი გია თორთლაძე და მთავორბის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი ერთმანეთს აბრალებენ.
აღნიშნულ საკითხზე მათ შორის კამათი დღეს ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გია თორთლაძემ საკითხი დააყენა - თუ რატომ არ იხილება მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.
როგორც თორთლაძემ აღნიშნა, "თავისუფლების ქარტია", რომელიც მის მიერ მომზადბეული ორი კანონპროექტის გაერთიანებით არის მიღებული, პარლამენტში განსახილველად 4-5 თვის წინ არის შესული და იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული საკითხი იურიდიულმა კომიტეტმა უკვე განიხილა მთავრობა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას დღმდე არ ახდენს, რაც აღნიშნული კანონპროექტის სესიაზე არ განხილვის მიზეზი ხდება.
თორთლაძის განცხადებას მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავრობა თორთლაძის საქართველოში დაბრუნებას ელოდებოდა, რათა მასთან ერთად მომხდარიყო ამ საკითხის განხილვა.
"ეს საკითხი ქვეყნის უშიშროების თემას ეხება და ჩვენი ინტერესიც არის, რომ კანონპროექტი სრულყოფილი იყოს. თქვენ საკითხის ინიცირებისას თქვით, რომ სადღაც მიდიოდით და დაბრუნების შემდეგ განიხილავდით მთავრობასთან ერთად. ამიტომ ჩვენ თქვენ შეტყობინებას ველოდებოდით", - განაცხადა გია ხუროშვილმა.
ამასთან როგორც ბიუროს სხდომაზე გაირკვა აღნიშნული კანონპროექტი არ არის განხილული არც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს, რომლის დასკვნაც სავალდებულოა და შესაბამისად პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობას და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დაავალა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარე კვირაში აუცილებლად მოხდეს.
შესაბამისად საკითხის სესიაზე განხილვა უკვე რიგგარეშე სესიაზე მოხდება.