5 აპრილს ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული არჩილ და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ, რათა საოკუპაციო რეჟიმმა მათი ოჯახის წევრები გაათავისუფლოს. როგორც მათ „მოამბესთან“ განაცხადეს, არიან სოციალურად დაუცველები, რის გამოც არ აქვთ ფულადი ჯარიმის გადახდის საშუალება.
გატაცებული მამა-შვილის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ თუ ხელისუფლება მათ არ დაეხმარება, ენგურის ხიდზე შიმშილობა დაიწყონ.
აქციას შეუერთდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები, რომლებიც ხელისუფლებას ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ მოუწოდებენ. ენმ-ის წევრების თქმით, ისინი უახლოეს დღეებში საერთაშორისო საზოგადოებასაც მიაწვდიან ინფორმაციას.
ენგურის ხიდზე ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეებს პირობა მისცეს, რომ სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს.
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მცხოვრებლები, მამა-შვილი როგავები რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს.
ისინი იარაღის მუქარით იმ დროს აიყვანეს, როდესაც მდინარე ენგურში დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.
დაკავებულები თავდაპირველად სოფელ საბერიოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის კი, მამა-შვილი სავარაუდოდ, გალის ე.წ. იზოლატორში იმყოფება.