ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით იტალიაში იმყოფება. ქალაქ ასისში, წმინდა ფრანსესკო ასისელის მონასტერში, ევროპის სახალხო პარტიის მოწვევით ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მინისტრების კონფერენცია გაიმართა. შეხვედრას იტალიის, მალტის, ბულგარეთის, ხორვატიის, ალბანეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები, ასევე ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი და შიდა ბაზრისა და მომსახურების საკითხებში ევროკომისარი დაესწრნენ.
ევროპის სახალხო პარტია აერთიანებს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოთა წამყვან მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებს, მათ შორის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის მმართველ პარტიებს.
კონფერენციაზე განიხილეს ევროკავშირსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და რუსეთთან ურთიერთობები.
გიორგი ბარამიძის ინიციატივით მინისტრებმა კონფერენციაზე ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.
სიტყვით გამოსვლისას ვიცე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, რაც საფრთხეს წარმოადგენს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებისათვის. ვიცე პრემიერ-მინისტრმა ისაუბარა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რუსეთის მხრიდან ექვს-პუნქტიანი შეთამხმების შეუსრულებლობაზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, დევნილების ღირსეულად და უპირობო დაბრუნების აუცილებლობასა და დეოკუპაციის პერსპეტივებზე. A
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის დაჩქარების აუცილებლობაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების გზაზე ევროკავშირის როლის გაძლიარებასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მონიტორინგის საქართველოს სრულ ტერიტორიაზე განხორციელების მნიშვნელობაზე.
გიორგი ბარამიძემ ხაზი გაუსვა ევროპის სახალხო პარტიის მიერ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს მიმართ აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.