ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) თავმჯდომარე ანა ფოტიგა ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ის ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, 12 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებისა“ და 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ გამო, რომლებიც ორივე რეგიონში ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფონზე ტარდება. „მიუღებელია ორივე რეგიონში ძალისმიერი გზით შეცვლილი დემოგრაფიული ვითარების ლეგიტიმაციის ნებისმიერი მცდელობა“, - აღნიშნავს ანა ფოტიგა.
SEDE-ს თავმჯდომარე შეშფოთებას გამოხატავს 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის სახელის შეცვლას და ამ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც უკანონო ანექსიისთვის საფუძვლის მომზადების მორიგ მცდელობას. იგი მოუწოდებს დემოკრატიულ სამყაროს, ადეკვატური შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციასთან ეტაპობრივად მიერთების პროვოკაციულ მცდელობებს.
ანა ფოტიგა მკაცრად გმობს 2017 წლის 31 მარტს დადებულ ე.წ. შეთანხმებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. „ეს ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც რუსეთის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის/სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერით დაიწყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის სამხედრო სისტემაში ინტეგრაციის ფონზე, მოსკოვი კვლავ უარს ამბობს ძალის არგამოყენებასა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე. ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებებით, რუსეთის ფედერაცია სერიოზულ ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და მიზანმიმართულად აფერხებს ნებისმიერი პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას სამშვიდობო პროცესში“, - აღნიშნავს SEDE-ს თავმჯდომარე.
ანა ფოტიგა შეშფოთებას გამოხატავს ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას. „ეს ზომები მიმართულია თავისუფალი გადაადგილებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების შემდგომი შეზღუდვისაკენ, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს კონფლიქტის შედეგად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რეგულარულად სტუმრობს საოკუპაციო ხაზს და იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებს. აღნიშნულია, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტი მომავალშიც განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებაზე დაკვირვებას და შეფასებას.