დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ე.წ საზღვართან მოსახლეობისთვის მიწის დამუშავების აკრძალვას გამოეხმაურა.
„2008 წლის შედეგი არის ის, რომ ტერიტორების 22% ოკუპირებულია და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას აქვს მუდმივი პრობლემები. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ოკუპაცია არ დასრულდება. ეს არ არის ნამდვილად ადვილი საქმე, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცხინვალში, არ დარჩა არც ერთი ქართველი მოსახლე, ახალგორში დარჩენილი მცირე რაოდენობის გარდა. არ დარჩა არც ერთი ქართველი ოჯახი კოდორის ხეობაში, რამდენიმე ათეული ოჯახის გარდა. 2008 წლის გაუთვლელი ქმედებების შედეგი არის დღევანდელი მდგომარეობა, მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო რუსეთის აგრესიის თავიდან აცილება. თუნდაც, 2004 წლის ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, როცა პირველი შეტაკებები დაიწყო ცხინვალში, დღეს, კონფლიქტის მოგვარება არის ბევრად უკან დაწეული და ბევრად უფრო გართულებული.
რაც შეეხება კონფლიქტის ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს, ხელისუფლება მაქსიმალურად ეხმარება მათ. პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ დასრულდა ყველა სოფლის გაზიფიკაცია, დახმარებები ეძლევათ იმ სტუდენტებს, რომლებიც კონფლიქტის ხაზთან არსებული სოფლების სკოლებიდან არიან, მოსახლეობას ვეხმარებით მატერიალურად. რაც შეეხება მთავარ პრობლემას, მთავარი პრობლემა არის ოკუპაცია, რომელიც გავიმეორებ, რომ 2008 წლის მოვლენების შედეგია და ამის დასრულება მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის დაჟინებული და ხანგრძლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი და ეს ძალისხმევა არსებობს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.