ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 39-ე რაუნდზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ქართული დელეგაციის წევრებმა დევნილების დაბრუნების საკითხთან ერთად სხვა ჰუმანიტარული საკთხები დააყენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
,,ყურადღება გამახვილდა გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის დაუშვებლობასა და რეგიონის მიზანმიმართული რუსიფიკაციის შესახებ. აღინიშნა ამ მიმართულებით ქმედითი ზომების გატარების აუცილებლობა.
ქართული დელეგაციის წევრებმა დააყენეს გალის რაიონში ე.წ. სასაზღვრო ზონის შექმნაზე და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხი, რითაც ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტური უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდა. ქართულმა დელეგაციამ შეშფოთება გამოთქვა რუსი სამხედროების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებებისა და გატაცებების საკითხზე; ხაზი გაუსვა ვითარების გამოსწორების მიზნით სათანადო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.
დისკუსიების მონაწილე ქართულმა მხარემ მოითხოვა 2016 წლის მაისში, სოფელ ხურჩაში მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული პირის დაკავება. ასევე, უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გიუნაშვილისა და ლუკავას დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ქართულმა დელეგაციამ ასევე, წამოჭრა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მძიმე მდგომარეობის საკითხი. აღინიშნა, რომ ლიხნის, ბედიისა და თირის მონასტრების მდგომარეობის შესწავლა-შეფასების მიზნით, აუცილებელია ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ადგილზე დაშვება. მკვეთრად უარყოფითად შეფასდა სოფელ წებელდაში რუსეთის სამხედრო შეიარაღებული ძალების მიერ არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლის განადგურების საკითხი.
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში არსებული არასახარბიელო ეკოლოგიური მდგომარეობის მოგვარების მიზნით, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის აუცილებლობა.
იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის განხილვისას რუსეთის ფედერაციისა და დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა დატოვეს მოლაპარაკებების დარბაზი, რითაც კიდევ ერთხელ გამოხატეს მოლაპარაკებების პროცესისადმი არაკონსტრუქციული დამოკიდებულება. აღნიშნული ქმედება თანამოდერატორებისა და სხვა მონაწილეების მხრიდან უარყოფითად შეფასდა.
გარდა ამისა, ქართული დელეგაციის წევრებმა თანათავმჯდომარეებს და შეხვედრის სხვა მონაწილეებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციისა და უკანონო სამხედრო წვრთნების თაობაზე;
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ერაუნდი 2017 წლის 28-29 მარტს გაიმართა. მოლაპარაკებები წარიმართა ორ სამუშაო ჯგუფში ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლების თანათავმჯდომარეობით. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციების გარდა, მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
მოლაპარაკებებისას სამუშაო ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
ორივე სამუშაო ჯგუფში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებული მძიმე მდგომარეობა.
პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ძალის გამოუყენებლობის საკითხებზე, ხოლო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2017 წლის 20-21 ივნისს გაიმართება“, - აცხადებენ უწყებაში.