დე-ფაქტო ცხინვალში ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდს აფასებენ. საგანგებო განცხადება სააგენტო „რესმა“ გაავრცელა. „ოსური მხარის მიერ მომზადებულ განცხადებას, ძალის გამოუყენებლობის შესახებ, დისკუსიის მონაწილე ყველა მხარემ დაუჭირა მხარი, თუმცა ქართული მხარის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ არაკონსტრუქციული იყო. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ნატოსთან საქართველოს დაახლოვების, საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის ინფრასტრუქტურის განვითარების, ქართული მხარის აგრესიული რიტორიკისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან უცხოური დელეგაციების გახშირებული ექსკურსიების გამო. პროტესტი გამოითქვა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 24 მარტს მიღებული რეზოლუციის გამოც, რადგანაც ქართული მხარის კარნახით სამხრეთ ოსეთს აბსურდულ ბრალდებებს უყენებენ,“-ნათქვამია დე-ფაქტო ცხინვალის განცხადებაში.