საპარლამენტო ოპოზიცია საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანასა და პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების გაუქმებას ითხოვს, რის ბაზაზედაც შეიქმნება ერთი სახელმწიფო ფონდი. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვისას გააკეთა.
მისი თქმით, პრობლემები არსებობს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით და განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც უნდა იყოს განმარტებები, თუ თანხა რა მიზნითაა გამოყოფილი. თუმცა, მისი თქმით, მთავარ პრობელმას წარმოადგენს პრეიზდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები.
"გაუგებარია რატომ არის ეს ფონდები ცალ-ცალკე, თუკი ერთ მიზანს ემსახურება, მით უმეტეს, რომ პრეზიდენტიც და მთავრობაც წარმოადგენს აღმასრულებელ ხელისუფლებას", - აცხადებს ჩახვაძე.
მისი თქმით, პრობლემაა ისიც, რომ ფონდების ხარჯის მიზნობრიობას განსაზღვრავს თავად პრეზიდენტი და მთავრობა.
"ფონდების მიზნობრიობა განსაზღვრული უნდა იყოს კანონით. ეს გარკვეულწილად მოხსნის ფონდების გაუმჭვირავლობის საკითხს. ამიტომ საბიუჯეტო კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, გაუქმდება პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები, ამ ორი ფონდის ბაზაზე შეიქმნება ერთი სახელმწიფო ფონდი და საბიუჯეტო კოდექსშივე ჩაიწერება ამ ფონდის ხარჯვის მიზნობრიობის საკითხი. ამ ინიციტივას კანონპროექტის სახით პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ", - აცხადებს ჩახვაძე.