პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომის შემდეგ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს და ნატოს სამიტისთვის საქართველოს საკითხის წარმოჩენას.
“ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში, განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, თავდაცვისუნარიანობის გაღრმავებისკენ მიმართული გეგმები და პროცესები, განვიხილეთ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხის წარმოჩენის თვალსაზრისით კოორდინირებულად გადასადგმელი ნაბიჯები. ბრიუსელის სამიტზე მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნები არიან მიწვეული. შესაბამისად, საქართველოს წინაშე დგება მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ კოორდინირებულად თავდაცვის სამინისტრომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, უშიშროების საბჭომ, პრემიერმა, პრეზიდენტმა ერთად იმოქმედონ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით საქართველოს საკითხს მიექცეს შესაბამისი ყურადღება ამ სამიტზე”, - განაცხადა მარგველაშვილმა.