„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი დიზელის საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქციზის გადასახადის დროებით შემცირების ან გაუქმებისკენ მოუწოდებს.
"14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, მათ შორის საწვავის საფასურის შემცირების დაპირებით. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება 14 წლის წინ იყო საწვავის ფასის 1 ლარით შემცირება. ამ ყველაფრის შემდეგ 14 წელი გავიდა, ჩვენც სექტემბრის თვეში ვართ, როდესაც მთელი ქვეყანა რთველის და მოსავლის აღებით არის დაკავებული და ქართველ გლეხს ყოველდღიურად უძვირდება ის ძირითადი საწვავი,რომელსაც მოიხმარს მოსავლის აღებისა და ზოგადად, დამუშავების პერიოდში.
უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში სხვადასხვა კატეგორიის დიზელის საწვავი 36-თეთრიდან 50-თეთრამდე გაიზარდა, მაგალითად, „გალფის“ ქსელში ევრო დიზელი 50-თეთრამდე გაძვირდა. „ჯიფორს“ ევრო დიზელი 48-თეთრით გაძვირდა. „ვისოლის“ ქსელში ეკოდიზელი 46-თეთრით, ევრო დიზელი 47 თეთრით გაძვირდა. „სოკარის“ ქსელში ევრო 5 დიზელი 48 თეთრით, „ნანო ევრო 5“ დიზელი 36 თეთრით გაძვირდა“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
დათუნაშვილის განცხადებით, დიზელის დღევანდელი ფასი 2012 წლის მაჩვენებელს 2.60 ლარით აღემატება. მისი შეფასებით, საწვავის გაძვირება ზრდის როგორც ფერმერთა წარმოების ხარჯებს, ისე პროდუქციის საბოლოო ფასს და ქართულ სოფლის მეურნეობას იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციას ურთულებს.
„როდესაც დიზელი ასე ძვირდება, ეს მასიურად აძვირებს ყველა იმ ხარჯს, რომელიც აქვს მევენახეს, ფერმერს ან ჩვეულებრივ გლეხს იმისთვის,რომ მთელი წლის დოვლათი დააგროვოს. ეს ფასი საბოლოოდ მხოლოდ ფერმერების ჯიბეზე არ აისახება, აისახება მთელი მოსახლეობის ჯიბეზე იმიტომ, რომ მთელ სავაჭრო ჯაჭვში იზრდება ფასი და საბოლოოდ, ქართული სოფლის მეურნეობის ფასი იზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ნაკლებ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ პროდუქციას,რომელიც დომინანტია დღეს, ქართულ ბაზარზე.
ყველაზე მძიმე ამბავი ის არის, რომ ამ ხარჯის გამო ქართველი მევენახეები, თუ გლეხები დგანან დილემის წინაშე- შეწყვიტონ კულტურა, რომელსაც ისინი აწარმოებენ, შეამცირონ ფართობი, თუ საერთოდ დაანებონ ამ საქმეს თავი. ამ მოვლენას ადასტურებს კონკრეტული რიცხვები, რომ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში დამუშავებული მიწის ფართობი 26%-ით შემცირდა“, - განაცხადა დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.