საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში ცვლილებების თანახმად, მედიკამენტები იმ ადამიანებისთვისაც უფასო იქნება, ვისი სარეიტინგო ქულაც 70 000-დან 100 000-მდეა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკო განაცხადა.
"ჯგუფი უკვე განსაზღვრილია. სოციალურად დაუცველი კატეგორიების გარდა ეს პრივილეგია გავრცელდება 70 000-დან 100 000-მდე ქულის მქონე ჩვენს მოქალაქეებზე", - ამბობს მინისტრი.
დავით სერგეენკომ შრომის ინსპექციის გაძლიერების შესახებ დაგეგმილ ცვლილებებზე გააკეთა კომენტარი, რომლის თანახმადაც შრომის ინსპექციას სავარაუდოდ კომპანიებში გაუფრთხილებლად შესვლის და შემოწმების უფლება ექნება.
"შრომის ინსპექცია შედარებით ახალგაზრდა სფეროა, მხოლოდ შარშან წლის დასაწყისში დაფუძნდა და ზოგჯერ მათგან მცდარი მოლოდინებიც არის ხოლმე. ის ცვლილებები რაც ახლა ხორციელდება, იყო გაწერილი ჯერ კიდევ დაფუძნების დროს. ამიტომ ეს ცვლილებები მიდის გრაფიკის მიხედვით,"- განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, კერძო ბიზნესს შრომის ინსპექციის მიმართ უმეტესობას ნეგატიური მოლოდინები და შიშები ჰქონდა. "თუმცა ისინი ამ პერიოდში დარწმუნდნენ, რომ ეს არ არის რაღაც სადამსჯელო ორგანიზაცია,"-დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.