ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში გაემგზავრა. ქალაქ ასისში ევროპის სახალხო პარტიის ორგანიზებით ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოების მთავრობების წევრების კონფერენცია გაიმართება, რომლის მუშაობაში გიორგი ბარამიძე მიიღებს მონაწილეობას. შეხვედრას საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი, იტალიის, თურქეთის, უნგრეთის, მალტას, ბულგარეთის, მოლდოვას, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ალბანეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრი დაესწრებიან.
კონფერენციაზე განიხილება ევროკავშირსა და ევროკავშირის სამეზობლოში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და რუსეთთან ურთიერთობები.
გიორგი ბარამიძის ინიციატივით მინისტრები კონფერენციაზე ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების გამოწვევებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.