საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას. ამის შესახებ რობერტ სიმონსმა ბათუმში განაცხადა. კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს თავდაცვის კონფერენციას ესწრება.
შეხვედრის მონაწილე-ექსპერტები ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ეროვნულ უსაფრთხოებასა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე მსჯელობენ. ასევე ისაუბრეს ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც. კონფერენცია დღესაც გაგრძელდება.
"აქ ვიმყოფები, რომ მივიღო მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. დიდი სიამოვნებით ვიყენებ შანსს განვიხილო თავდაცვის საკითხები შესაბამისი უწყების პირებთან. ჩვენი საუბრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ნამდვილად გახლდათ ავღანეთი და ის კონტრიბუცია, რასაც საქართველო ამ ოპერაციისათვის ეწევა. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე რომლებიც თავდაცვის სფეროს კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ხორციელდება. ჩვენ მივესალმებით და გვჯერა, რომ ეს რეფორმები ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას", _ განაცხადა რობერტ სიმონსმა.