საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სიტუაციის შესასწავლად თბილისში მორიგი ვიზიტით სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები იმყოფება.
იგი შეხვედრებს გეგმავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან, პირისპირ გაესაუბრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, პოლიტიკური პარტიების, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ხელისუფლების წევრებთან შეხვედრებზე დღესვე განიხილება სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
"საქართველოში ამჯერად ჩამოვედი რათა დავაკვირდე პოლიტიკური ცხოვრების მიმდინარეობას ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. გარდა ამისა ვაპირებ ვიმუშაო ხელისუფლებასთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით არსებულ სტრატეგიაზე. რაც შეეხება არჩევნებს _ ვფიქრობ, წარმატებულად ჩატარდა, შეიმჩნეოდა გაუმჯობესება წინა არჩევნებთან შედარებით, თუმცა მომდევნო კენჭისყრამდე გარკვეული ამოცანები ჯერ კიდევ გადასაჭრელი რჩება. ყველაზე მთავარი არის წესების შემუშავება, რომელიც მისაღები იქნება პოლიტიკური სპექტრის ყველა წარმომადგენლისთვის. ეს ეხება საკონსტიტუციო რეფორმას და საარჩევნო კანონმდებლობას", _ განაცხადა პიტერ სემნებმა.