ინგა გრიგოლიას განცხადებით, ქუჩის აქციების ფონზე სხდომების ჩატარება შესაძლოა არც "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" იყოს მიუღებელი. მისი თქმით, გააჩნია, რა მოთხოვნით გაიმართება აქციები და რა იქნება შედეგი. ამის შესახებ გრიგოლიამ კობა დავითაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატები" "ნაციონალების" ოპოზიციაში გასაშვებად ყველა შესაძლო ტრიბუნას გამოიყენებენ. მან არ გამორიცხა, რომ საკრებულოს სხდომების საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარება შესაძლოა, არც "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისთვის" იყოს მიუღებელი.
"ქუჩის აქციების ფონზე სხდომების ჩატარება შესაძლოა არც "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" იყოს მიუღებელი. თუ კი საჭირო იქნება აქციები და ის, რომ ხელისუფლებას ხალხის ხმა სწორედ აქციების მეშვეობით გავაგონოთ, მაშინ ეს "ქრისტიან-დემოკრატების" გეგმებიდან არასდროს ყოფილა ამოვარდნილი. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ რისთვის დავიწყებთ ქუჩის აქციებს, რა იქნება კონკრეტული მოთხოვნა და რითი უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი, თორემ ისე, უბრალოდ, ბევრი აქცია ვნახეთ და შედეგიც ვიცით - ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი და ისევ უმრავლესობთ არის წარმოდგენილი "ნაციონალური მოძრაობა". ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ ამ მოძრაობის გასაშვებად სახლში თუ არა, მინიმუმ ოპოზიციაში მაინც", - განაცხადა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულო ვერ იქცა იმ ორგანოდ, რომელიც საზოგადოებას უნდოდა და ამიტომ საკრებულოს სხდომაზე საზოგადოების ხმას, საპროტესტო აქციებიდან გაიგებენ.