საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სერვისებს წელიწადში 40 000 ლარზე მეტი შემოსავლის პირები ვერ მიიღებენ, - ცვლილებებზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს მართავს.
მისი თქმით, მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, 32 000-ს შეადგენს. ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი რჩებიან ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად.
მინისტრის ინფორმაციით, ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მოქალაქეების ნაწილს მედიკამემტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.
სერგეენკოს განცხადებით, ცვლილებების თანახმად მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენელთა ნაწილს, კონკრეტულად კი მარტოხელა პენსიონერებს და სოციალურად დაუცველებს ამგვარი მედიკამენტების ყიდვას სახელმწიფო დაუფინანსებს.