თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კომუნალური გადასახადები მოსახლეობისთვის მტკივნეული საკითხია, ეს მიმართულება მუნიციპალური ხელისუფლების კომპეტენციის ფარგლებში არ შედის. ამიტომ, ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნად დასახვა თავის და მოსახლეობის მოტყუება იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს, საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა.
"მტკივნეული საკითხია კომუნალური გადასახადები, მაგრამ აქ აუციელბლად გასათვალისწინებელია რამდენიმე პრინციპული მომენტი და არსებული რეალობა. პირველ რიგში, ტარიფები ზოგადად არ შედის მუნიციპალური ხელისუფლების კომპეტენციის ფარგლებში. ქალაქის ხელისუფლება და საკრებულო არეგულირებს, მხოლოდ დასუფთავებისა და ტრანსპორტის ტარიფებს. არ იქნებოდა სწორი, რომ მიზნად დავისახოთ ყველას დახმარება. ეს პირველ რიგში ხალხისა და საკუთარი თავის მოტყუება იქნება", - განაცხადა უგულავამ.
მისი განმარტებით, თბილისის მერიამ და საკრებულომ 1-ელ რიგში, უმწეო, გაჭირვებულ ადამიანებზე უნდა იზრუნონ. ამ მხრივ კი, ოპოზიციასთან საქმიანი დისკუსიები იქნება საჭირო.
"უნდა დავეხმაროთ უმწეო, გაჭირვებულ ადამიანებს. ჩვენ უკვე ვანხორციელებთ მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის სუბსიდირებას გაზზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, თუმცა ვეთანხმები კოლეგებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ოპონენტებთან არა ემოციური, არამედ საქმიანი დისკუსიები გვექნება და საარჩევნო კამპანია სწორედ ამით განსხვავდება რუტინული მუშაობისგან. მე ღია ვარ დიალოგისა და ოპონირებისთვის. უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ყევლაფერში ჩვენ ვართ მართლები და ოპოზიცია ცდება. დემოკრატია არ ნიშნავს უმცირესობის იგნორირებას და ოპონენტთა მოსარებებისადმი უყურადღებობას, მაგრამ მეორეს მხრივ, არ ნიშნავს არც პრინციპული პოზიციისა და ღირებულებების დათმობას", - განაცხადა თბილისის მერმა.