ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, აფხაზეთის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფლებში ნაბაკევსა და ოტობაიაში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის საკითხი იქნა განხილული.
აღნიშნულ საკითხზე მუდმივ საბჭოში განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, ელჩმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა გადაწყვეტილების ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც აფხაზეთის რეგიონის და იქ მცხოვრები მოსახლეობის სრულ იზოლირებას ემსახურება. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით აღნიშნული გადაწყვეტილებით უხეშად ირღვევა ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლებები, რაც კიდევ უფრო გაართულებს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას. საკუთარ გამოსვლაში ელჩმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ისევე, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. მან ასევე მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვანი შეფასება მისცეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და ოკუპირებული რეგიონების იზოლირების ტენდენციას, ასევე 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ ე.წ. რეფერენდუმს და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის უკანონო ნაბიჯებზე.
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ეუთო-ში აშშ-ს, ევროკავშირისა და კანადის (კანადამ განცხადება გააკეთა ასევე ნორვეგიის სახელით) დელეგაციებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა.
გამომსვლელებმა თავის განცხადებებში ცალსახად დაგმეს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტი. მათ ერთხმად გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა, როგორც ამას მისიის მანდატი ითვალისწინებს.
თავის განცხადებაში აშშ-ის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი უკანონო „რეფერენდუმი“ და განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს ე.წ. „რეფერენდუმის“ შედეგებს.