17-18 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
ქართული მხრიდან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო ევროპული მხრიდან ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი და საშინაო საქმეთა ევროკომისარი სესილია მალმსტრომი.
აღნიშნული შეთანხმება ძალაში შევა რეადმისიის შესახებ შეთანხმებასთან ერთად მათი ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის რატიფიცირების შემდეგ.
"ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივების შესახებ" შეთანხმების მხარეებს წარმოადგენენ საქართველო და ევროკავშირის სახელმწიფოები შემდეგი ქვეყნების გარდა: დანიის სამეფო, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ირლანდია.
შეთანხმების თანახმად: სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მცირდება 60 ევროდან 35 ევრომდე.
ევროპის კავშირის ტერიტორიაზე მარტივდება ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების ვიზების მიღების პროცედურა 22 კატეგორიის პირთათვის. მათ შორის, სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლისაგან გათავისუფლდებიან 12 კატეგორიის პირები. 13 კატეგორიის პირთათვის ინდივიდუალურად განისაზღვრა ვიზის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტის სახეობა. 11 კატეგორიის პირთათვის გათვალისწინებულია 1-წლიანი მრავალჯერადი ვიზის მიღება თუ მათ წინა წელს მიღებული აქვთ ერთი ვიზა მაინც და ეს ვიზა გამოიყენეს შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ ადგილსამყოფელი წევრი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო ამის შემდეგ ამ პირებს უფლება ექნებათ მიიღონ 2-დან 5 წლამდე მრავალჯერადი ვიზა. გარკვეული კატეგორიის პირებზე პირდაპირ შეიძლება გაიცეს მრავალჯერადი ვიზა 5 წლამდე მოქმედების ვადით.
ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი სავიზო განაცხადისა და ვიზის გასაცემად საჭირო დოკუმენტაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. ვიზის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს 30 კალენდარული დღით ცალკეულ შემთხვევებში ან შემცირდეს 2 დღემდე.
შეთანხმება აწესებს საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებში 90 დღემდე უვიზო მიმოსვლას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულესთან.