შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელების დაკეტვას ეხმაურება.
„ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამყოფ ხაზზე ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელების დაკეტვა აბსოლუტურად მიუღებელია, უხეშად არღვევს გადაადგილების თავისუფლებას, კიდევ უფრო ზღუდავს და ამძიმებს გადაადგილების თავისუფლების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებული ისედაც რთულ ვითარებას. ამასთან, ეს პრობლემებსა და სირთულეებს უქმნის არა მხოლოდ გალის რაიონის, არამედ მთელი რეგიონის მოსახლეობას. ამ გადასასვლელებზე დღეში საშუალოდ 1000-მდე კვეთა ფიქსირდება ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მიზნით. მათ შორის, იზღუდება იმ ბავშვთა უფლებები, რომელთაც სკოლებში მისასვლელად გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევს და აღნიშნული შეზღუდვა ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის მათ სასწავლო პროცესში ჩართვას.
ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია დე ფაქტო რეჟიმის არგუმენტი, რომ თითქოს, აღნიშნული გადაწყვეტილება „უსაფრთხოების ზომების გაძლიერების“ მიზნით მიიღეს. ორსანტია-ოტობაიასა და ხურჩა-ნაბაკევის გადასავლელებით სარგებლობს მშვიდობიანი მოსახლეობა საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ ნათლად დააფიქსირა და განაცხადა სამშვიდობო პოლიტიკისა და მშვიდობიანი მიდგომების ერთგულება. საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე მისცა მკვეთრი შეფასებები ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლების - გადაადგილების თავისუფლების უხეში დარღვევისკენ მიმართულ ამ ნაბიჯს. მოვუწოდებთ ამ გადაწყვეტილებაში ჩართულ ყველა მხარეს, გააცნობიეროს ამ ქმედების სიმძიმე პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისათვის და გადადგას ნაბიჯები არა გართულების, არამედ გადაადგილების შესაძლებლობების შემდგომი გამარტივებისაკენ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზი მოსახლეობისთვის ჩაკეტა. დღეს დილიდან გადაადგილება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთს შორის მხოლოდ ენგურის ხიდის გავლით არის შესაძლებელი. მოშორებით მდებარე დასახლებების მაცხოვრებლებს კი დამატებით 50 კმ-მდე მანძილის გავლა მოუწევთ. სავარაუდოდ უკვე 10 დღეში ამოქმედდება საბაჟო გამშვები პუნქტი - ყველა ტვირთი, მათ შორის სოფლის მეურნეობის ნაწარმიც განბაჟებას დაექვემდებარება.