პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია პედაგოგების მოსალოდნელ შემცირებაზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ არ მოხდეს მათი შემცირება. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს პარლამენტში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, აქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მომავალი სასწავლო წლიდან დაგეგმილია პედაგოგთა სამსახურებიდან გათავისუფლება.
კერძოდ, მისი ინფორმაციით, გაათავისუფლებენ იმ პედაგოგებს, რომლებსაც 18 საათზე ნაკლები განაკვეთი აქვთ.
მისი თქმით, ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი, რადგან ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება საარსებო ლუკმაპურის გარეშე დატოვებს პედაგოგთა დიდ ნაწილს. ბაღათურია განათლების სამინისტროს კატეგორიულად სთხოვს, თვითნებურად არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები და ის ცვლილებები, რომლებიც განათლების სფეროს ეხება, პარლამენტთან შეათანხმონ.
ბაღათურია შეეხო პედაგოგებისათვის რეპეტიტორობის უფლების ჩამორთმევასაც და აღნშნა, რომ ყველა ეს ფაქტორი სულ უფრო მეტად ამძიმებს ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობას. როგორც იგი აცხადებს, პედაგოგს კანონით უნდა ჰქონდეს გარანტირებული ის, რომ სამსახურიდან ვერავის ბრძანებით ვერ გაათავისუფლებენ. ამ მიზნით, ბაღათურიას თქმით, მის პოლიტიკურ ძალას მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის თანახმად, პედაგოგმა, თუ იგი სისხლის სამართლის დანაშაულს არ ჩაიდენს, უნდა იმუშაოს საპენსიო ასაკამდე.
"ეს იქნება გარანტია იმისა, რომ პედაგოგებს უმუშევრად არ დატოვებენ ვიღაცის ბრძანებით და ჩვენ ამ კანონპროექტს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარვუდგენთ. იმედი მაქვს, ხელისუფლება ამ საკითხს გაგებით მოეკიდება", - აცხადებს ბაღათურია